თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე
თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფერი ეძგვერაძის წარსულს უკავშირდება.
ის ასევე ამტკიცებს, რომ მას და კოტე ზარნაძეს გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვთ.
"ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და შემდეგ არ გამოუვიდა ეს. მე არ ვიცი, თუ რა იყო მიზეზები, შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა. ნუ, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად, რომლებიც ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს გააკეთებს. არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც, რა თქმა უნდა, მე," - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს 22 სექტემბერს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს, რადგან თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა.
23 სექტემბერს კი გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე შსს-მ მხოლოდ 6 პირი დააკავა. უწყება ასევე ამტკიცებდა, რომ დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაც მიმდინარეობს.