კაცმა, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, ივანე კაზეიანია. ის ახლა კლინიკაში იმყოფება, რადგან თვითდაზიანებები აქვს მიყენებული. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა და მას ჭრილობები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
ბოლნისში მომხდარ ფემიციდზე "მთავარ არხთან" ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, თუმცა, ამბობენ, რომ ცოლს საზღვარგარეთ წასვლა სურდა და შესაძლოა კონფლიქტი ამას უკავშირდებოდა.
"დაშორებული არ ყოფილა. ეს ბიჭი რუსეთში იყო ცოტა ხანი და წამოვიდა და მუშაობდა მგონი თბილისში. ვიცით, რომ რაღაცა დოკუმენტების გაკეთება უნდოდა გოგოს, რომ საზღვარგარეთ გასულიყო და მაგის პრობლემა იყო რაღაცა, სხვა არაფერი. ეგრე გავიგეთ...საზღვარგარეთ უნდოდა წასვლა, სადღაც. არ დათანხმდა ქმარი თუ როგორ იყო, არ ვიცით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.