ფინანსთა მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია. გიორგი კაკაურიძის თქმით, პროგრამა დროებით შეჩერებულია და არა შეწყვეტილი და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე პროგრამის აღდგენას შეძლებენ. კაკაურიძემ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სებ-ის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავი შეიკავა:
"სავალუტო ფონდის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ არის შეწყვეტილი. პროგრამის მიმოხილვა არის დროებით შეჩერებული. შეწყვეტასა და შეჩერებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს მიმოხილვის გაგრძელება შესაძლებელი იქნება და სავალუტო ფონდის ბორდზე ჩვენი პროგრამის გაგრძელება მოხდება.
მიუხედავად, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამა შეჩერებულია, ფისკალურ ნაწილში შეთანხმებული პროგრამის პრინციპებს მივყვებით, მათ შორის, დეფიციტის, ვალის და ყველა იმ პუნქტის მიხედვით, რაც არის გაწერილი.
სავალუტო ფონდის პროგრამის შეწყვეტა ქვეყნისთვის კარგი არ არის, არის დამაზიანებელი და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე პროგრამის აღდგენას შევძლებთ...შეჩერება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულმა საკითხებმა გამოიწვია" ამბობს კაკაურიძე, რომელიც პარლამენტში, პოლიტიკურ ჯგუფ “ევროოპტიმისტებს“ 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტზე შეხვდა.
შეგახსენებთ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია.
ცნობისთვის, 17 ივლისს ცნობილი გახდა,რ ომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა.
მათი ცნობით, შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ ცვლილებებს სავალუტო ფონდი თავიდანვე აკრიტიკებდა. ფონდი ასევე მიიჩნევდა, რომ საკითხზე პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ უნდა დაეძლია. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებდა, თუმცა სავალუტო ფონდის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საბოლოოდ კი, სებ-ში "ქართული ოცნების" ინიციატივით შექმნილ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაინიშნა.