დიდუბე-ჩუღურეთში ჯაფარიძეს ვუჭერთ მხარს, საბურთალოზე კანდიდატს არ ვაყენებთ - მელია

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში "გირჩის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს უჭერს მხარს, ხოლო საბურთალოს რაინში კანდიდატს საერთოდ არ წარადგენენ.

ნაციონალური მოძრაობის სახელით შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მხარს ვუჭერთ ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო საბურთალოს რაიონში, ვინაიდან ოპოზიციიდან ბევრი ღისრეული კანდიდატია წარმოდგენილი, ნაციონალური მოძრაობა კანდიდატს არ წარადგენს. უმნიშვნელოვანესია, ამის შემდეგ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოვაწეროთ დეკლარაციას, რის მიხედვით, არ შევუქმნით კოალიციას იმ ძალას, რომელმაც 8 წლის განმავლობაში ჩამოშალა ყველაფერი, რისი ჩამოშლაც შეიძლებოდა,- თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში 8 ოლქიდან დარჩენილ 2 ოლქშიც საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. ოპოზიცია საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერს მხარს, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურა ჯაფარიძეს. 

საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნებიდან" ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის კენჭს, დიდუბეში კი პარლამენტის მოქმედი დეპუტატი - გია ვოლსკი.

საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.

"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: 

  • ვაკის რაიონში კენჭს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია იყრის;
  • გლდანში მაჟორიტარობისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს;
  • ამავე პარტიის წევრი, ლევან ხაბეიშვილი სამგორის ოლქში წარადგინეს;
  • მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება;
  • "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის; 
  • ისანში კი ოპოზიციის წევრებმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წარადგინეს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი