სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი, მოითხოვოს მისი დასწრება, ვფიქრობთ, გამოცხადდება - ტურავა

გამოქვეყნდა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა ამბობს, რომ სასამართლოს შეუძლია, ხვალინდელ, იმპიჩმენტის პროცესზე დასწრება პრეზიდენტის უარის მიუხედავად მოითხოვოს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამის საჭიროება არ იქნება.

ტურავა ამბობს, რომ სასამართლოს დიდი სურვილი აქვს ზურაბიშვილი დაესწროს განხილვას და განმარტებებიც გააკეთოს. ამ დრომდე უცნობია როგორია პრეზიდენტის პოზიცია.

"პრეზიდენტის აზრებს და განცდებსაც ჩვენთვის ექნება მნიშვნელობა, მაგრამ მე ვფიქრობ და ჩვენი პოზიციაა და დარწმუნებულიც ვართ იმაში, რომ არა მარტო კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, არამედ ასევე საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. შეგვიძლია, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდეთ იმ ინფორმაციით, შეკითხვებზე პასუხით რასაც მივიღებთ და სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი, მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ ასეთს ადგილი არ ექნება", - ამბობს მერაბ ტურავა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას, "ქართული ოცნების" მხრიდან ადგილზე იქნება 5 დეპუტატი. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი