"სახელმწიფოს პოლიტიკა აქტივისტების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული ხდება" - SJC ე.წ. კარვების კანონპროექტზე და აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებულ ე.წ. კარვების კანონს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით სახელმწიფოს პოლიტიკა აქტივისტების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული ხდება.

ორგანიზაციის შეფასებით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები წინააღმდეგობაშია საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

ამასთან, SJC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს.

"ჩვენი შეფასებით, კანონპროექტის მიღება გაზრდის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვისა და საპოლიციო თვითნებობის რისკებს, აგრეთვე, არსებითად დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში...

ჩვენი შეფასებით, კანონპროექტი ეწინააღდეგება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დადგენილ კონსტიტუციურ და საერთაშროსო სტანდარტებს და მკვეთრად გააუარესებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ აღნიშნული ნეგატიური ცვლილება ხელს შეუშლის და დაასუსტებს არა მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის პროტესტებს, არამედ ფართომასშტაბიან სოციალურ პროტესტებს, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ მშრომელების, გარემოსდაცველების, დედების, გარემოვაჭრეების, ქალთა მოძრაობების დროს...

განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის იმ ფორმით მოწესრიგება, როგორც ამას კანონპროექტი ითვალისწინებს, სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. აღნიშნულის დასადასტურებლად საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებიდან მოყვანილია ზოგადი შინაარსის ციტატა, რომლის მიხედვითაც გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, სახელმწიფო უფლებამოსილი და ვალდებულიცაა, რომ ჩაერიოს, თუმცა ასეთი ჩარევა უნდა იყოს გონივრული და მიზნის პროპორციული. ამასთან, განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს გონივრულ და პროპორციულ ჩარევად დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვა.

განმარტებით ბარათში წარმოდგენილი მსჯელობის საპირისპიროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და განმარტა, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობასაც. აღნიშნულის გათვალისწინებით შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობა სასამართლომ მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით განიხილა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აქციის კონკრეტულ ფორმას და სახეს (კარვებს) აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და შეიძლება განუყოფელიც იყოს პროტესტის გზავნილისგან. როგორც წესი, აქციის ორგანიზატორები შეკრების ადგილსა და ფორმას ირჩევენ იმ ნიშნით, რომ კონკრეტული შეტყობინებები მივიდეს კრიტიკის ადრესატამდე. შეკრების ჩატარება შესაძლებელი უნდა იყოს იმგვარად, რომ სამიზნე აუდიტორიას მისი დანახვა და მოსმენა შეეძლოს.

ბუნდოვანია დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვის წინაპირობები.

როგორც უკვე აღინიშნა, პროექტი უფლების შეზღუდვის ხუთ ალტერნატიულ საფუძველს ითვალისწინებს, მათგან ორი (კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ 1. მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება; 2. მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება) კი პრობლემური და ბუნდოვანია. ორივე შემთხვევაში აკრძალვა შეფასებით, ორაზროვან ფაქტორებს ეფუძნება. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული ინტერპრეტაციისა და უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკები.

დროებითი კონსტრუქციის დადგმა გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი ელემენტია. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების ამომწურავ და კონკრეტულ ჩამონათვალს კი თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვის ზემოაღნიშნულ ორ წინაპირობას კი არცერთი კონსტიტუციური საფუძველი არ ითვალისწინებს.

კანონმდებლობაში ისედაც არსებობს შეკრების უსაფრთხოდ ჩატარებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის საჭირო გარანტიები.

„შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” და „პოლიციის შესახებ” კანონები ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს შეკრების დროს საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი მშვიდობიანი საპროტესტო პროცესების მართვის მცდელობაა და არ უკავშირდება განმარტებითი ბარათით დეკლარირებულ მიზნებს.

კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით რეალური საჭიროების გარეშე განიხილება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2023 წლის 18 სექტემბრის განცხადებით გათვალისწინებულ საფრთხეებზე ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობითაა განპირობებული. აღნიშნული განცხადების თანახმად, სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე. წ. კარვების ქალაქის მოწყობაც.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები არ შეიცავს დანაშაულის (ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მომზადების) ნიშნებს, თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი საფრთხეებზე რეაგირება სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების (გამოძიების დაწყება, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება) და არა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების გზით უნდა განხორციელებულიყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ დაჩქარებული პროცედურით კანონპროექტის განხილვას არ აქვს ობიექტური საფუძველი და ეს პროცედურა კანონპროექტის სიღრმისეულად განხილვისა და საზოგადოების ჩართულობის სათანადო სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს.

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე კანონმდებლობაში დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობდა, ბოლო წლებია შინაგან საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის ფარგლებში ფაქტობრივად სისტემატურად იყენებდა ამ მექანიზმს. პოლიცია ხშირად აქციის მონაწილეებს არათუ არ აძლევდა კარვის გაშლის შესაძლებლობას, არამედ ამის გამო აკავებდა კიდეც. კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობის ხელშეშლის სამართლებრივ საფუძვლად შსს-ის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილს მიუთთებდნენ, მაშინ როდესაც ამგვარი შეზღუდვა არ ექცევა მოცემული მუხლის რეგულირების სფეროში. კანონპროექტის მიღებით გამოხატვისა და შეკრების უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვის პრაქტიკა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, რითიც კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უფლებები.

ამდენად, მოსალოდნელი ცვლილებები მკვეთრად დაამძიმებს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა სტანდარტებს და სერიოზული ბარიერი იქნება გამოხატვის თავისუფლებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ახალ რეპრესიულ კანონპროექტს ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები. 

ასევე ნახეთ:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი