პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში 9-კაციანი მოსამართლეთა პალატა 3 საათის განმავლობაში განიხილავდა დაარღვია თუ არა კონსტიტუციის 52-ე მუხლი სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტებით.
სასამართლოს წინაშე საკონსტიტუციო წარდგინება და საკუთარი არგუმენტები ირაკლი კობახიძემ წაიკითხა. სხდომაზე იმყოფებოდნენ კონსტიტუციური წარდგინების ავტორები გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი და თენგიზ შარმანაშვილიც, თუმცა მათ პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებიათ.
მოსამართლეთა პალატას მიმართეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმაც - თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა. მათი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ამ წარდგინების განხილვა საერთოდ არ უნდა გაეგრძელებინა, რადგან ის იურიდიულად დასაბუთებული არ არის და არც დავის ნიშნები ჩანს.
"პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას. არ თანხმდებოდა არასდროს და ეს არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო...
პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ. სამყაროში არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული, სადაც საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობისას სად გადის ზღვარი და რა შეიძლება გააკეთოს და რა არა, ამაზე ვმსჯელობთ.
ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ მეთანხმება, რომ გამოვა და იტყვის - „მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო“. ოღონდ შემდეგ უნდა თქვას მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი... ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ. თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება," - განაცხადა ჩუგოშვილმა.
სხდომაზე მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიზანია, სრულიად ჩამოაშოროს სახელმწიფოს მეთაური საგარეო პოლიტიკიდან, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ მომენტში:
"ეს ყველაფერი ადასტურებს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანს, სრულიად ჩამოაშოროს სახელმწიფოს მეთაური საგარეო პოლიტიკიდან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ მომენტში. მმართველი უმრავლესობის მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი იყოს დისფუნქციური, მდუმარე და მორჩილი, რისი მიღწევის მცდელობაც არის ეს იმპიჩმენტის პროცესიც. ეს არც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ინტერესია და არც საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება. სწორედ ამიტომ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე," - თქვა ჩუგოშვილმა
გარდა ამისა, ჩუგოშვილის თქმით, მთავრობას სადავო არ გაუხდია პრეზიდენტის შეუთანხმებელი შეხვედრები ქვეყნის შიგნით:
"საგარეო ურთიერთობის ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს.
მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის 2023 წლის 9 აგვისტოს განკარგულებით უარი ეთქვა 2023 წლის 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში ვიზიტის განხორციელებაზე. თუმცა ის პირი, ვისაც უნდა შეხვედროდა, უმაღლესი წარმომადგენელი, ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარე, შეხვდა პრეზიდენტს თბილისში. არცერთ ეტაპზე არ განხილულა ეს, როგორც კონსტიტუციის დარღვევა, არავის არ უთქვამს და არ დაუყენებია ეს არც მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ" აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში სასამართლო სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. პროცესი 4 საათზე განახლდება და მხარეებს ერთმანეთისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებათ.
იხილეთ ასევე: