"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" წარმომადგენელი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, დამატებითი შეშფოთების საგანი გახდა სანქციების რეჟიმის შესრულების წესების ცვლილებაც.
17 ივლისს ცნობილი გახდა,რ ომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვა შეჩერდა. გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია. მისივე თქმით, კითხვები ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა გააჩინა.
პრესსპიკერმა "ამერიკის ხმას" განუმარტა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. ფონდის სპიკერი ამბობს, რომ მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა, გადაიდო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებები დაამტკიცა, "რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და ეწინააღმდეგებოდა „საერთაშორისო სავალუტო ფონდის" გუნდის რეკომენდაციებს".
"უფრო ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, - განმარტავენ "საერთაშორისო სავალუტო ფონდში".