დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, ოჩამჩირის რეგიონში რუსული საზღვაო ფლოტის ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება "აგრესიის შემთხვევაში" დახმარებასაც ითვალისწინებს.
როგორც შამბა ამბობს, რუსული სამხედრო წარმომადგენლობა ოკუპირებულ აფხაზეთში "უსაფრთხოების გარანტიად" არის აღქმული.
"ჩვენ უსაფრთხოების გარანტიად აღვიქვამთ აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა ქვედანაყოფების არსებობას. ჩვენს მიერ დადებული შეთანხმების თანახმად, აგრესიის შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენი მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია იმ შეთანხმებაში რომელსაც ხელი მოვაწერეთ", - ამბობს სერგეი შამბა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონს.
მისივე ინფორმაციით, "შეთანხმებისთვის" მხარეებს ახლა არ მიუღწევიათ, გადაწყვეტილება ადრე გამართულ საერთო შეხვედრებზე იქნა მიღებული - 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დაადასტურა რომ ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, დღეს რუსულ გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, "შეთანხმებას" მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.