"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ქართული ოცნების ხელისუფლებას მიმართავს, რას პასუხობენ ისინი რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიულ ქმედებას. საუბარია ოჩამჩირეში, რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებაზე:
"მე მინდა ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა - რა მოგვიტანა თქვენა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ? რა მოუტანა საქართველოს თქვენმა კუდის ქიცინმა რუსეთის ფედერაციასთან? ერთის მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ სამხედრო ბაზებს გიხსნით, მესამე, რომ ამაზეც სდუმხართ და ჩვენი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, დასაცავად, არაფერ განცხადებას, არაფერ ქმედებას არ აკეთებთ. გეკითხებით, ასე გატარებას აპირებთ ამის? ჩვენი ეროვნული ინტერესები არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ანექსიის პროცესს იწყებს რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზის გახსნით ოჩამჩირეში. რას პასუხობთ შეგიძლიათ გვითხრათ?" ამბობს ვაშაძე.
შეგახსენებთ, დღეს რუსულ გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, "შეთანხმებას" მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.