შაქარაშვილის მკვლელობა - არაგვის ხიდთან საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძების ფარგლებში, საგამოძიები ექსპერიმენტი დაიწყო. ექსპერიმენტს ბრალდებულების ადვოკატები ატარებენ, რომლებიც შეეცდებიან დაადგინონ, შესაძლებელი იყო თუ არა რამდენიმე წუთში არაგვის ხეობაში ჩასვლა, ჩხუბი, მკვლელობა და შემდეგ უკან, მანქანაში დაბრუნება.

დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობას იღებს რამდენიმე პირი, რომლებიც საქმის ფიგურანტები არ არიან და ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით ერთვებიან.

ექსპერიმენტის ერთი ნაწილი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას მიეძღვნება, მეორე კი – ე.წ. ფერად სახლთან განვითარებულ მოვლენებს.

წინასწარი ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტი მთელი ღამე გაგრძელდება და დილის 6 საათისთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.

11 აგვისტოს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ  სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ უმძიმესი ბრალის დასამტკიცებლად შოთაძის უწყებას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს.

გარდა ამისა, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზეც ადვოკატებმა უარი თქვეს და გასასაჩივრებლად პროკურატურის გენინსპექციას მიმართეს.

ადვოკატებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერის მოთხოვნას, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელმაც აღნიშნა, რომ გაუთქმელობის დაკისრებით, მხარეთა თანასწორობა ირღვევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი