გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა გვიან ღამით მცხეთაში, არაგვის ხიდთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ პროკურატურის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მათი ექსპერიმენტით დადასტურდა.
ჩვენ ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექვსივე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების დადგენილებაში არის სიცრუე. მე-6 ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა, ფაქტიურად, შეუძლებელი იყო და ვერ ჩატარდა, რადგან მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.
11 აგვისტოს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ უმძიმესი ბრალის დასამტკიცებლად შოთაძის უწყებას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს.
გარდა ამისა, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზეც ადვოკატებმა უარი თქვეს და გასასაჩივრებლად პროკურატურის გენინსპექციას მიმართეს.
ადვოკატებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერის მოთხოვნას, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელმაც აღნიშნა, რომ გაუთქმელობის დაკისრებით, მხარეთა თანასწორობა ირღვევა.