გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები, რომლებმაც მცხეთაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს, ირწმუნებიან, რომ საქმეში არსებული ჩვენებები რეალობას არ შეესაბამება.
უფლებადამცველების განმარტებით, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რაც მათი ექსპერიმენტით დადასტურდა. სწორედ ამიტომ, ადვოკატები ამბობენ, რომ ფოტოგრაფის ჩვენებები მტკიცებულებებად ვერ გამოდგება.
ჩვენ ჩავატარეთ იაკობ ბრეგვაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, სადაც იგი მიუთითებს, რომ მან დაინახა "ტოიოტა ქამრით" მოსული 3 პიროვნება, რომელიც 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა ადგილზე მყოფ ადამიანებს. ჩვენ აღვადგინეთ ეს რუალურ დროში, გამოვიყენეთ საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერი და აღნიშნულით დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ და არასწორი. შესაბამისად, მისი მომავალში მოწოდებული ინფორმაცია, ცხადია, ვერ გაუძლებს ვერანაირ კრიტიკას და იქნება დაუშვებელი მტკიცებულება, - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული.
11 აგვისტოს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ უმძიმესი ბრალის დასამტკიცებლად შოთაძის უწყებას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს.
გარდა ამისა, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატს გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზეც ადვოკატებმა უარი თქვეს და გასასაჩივრებლად პროკურატურის გენინსპექციას მიმართეს.
ადვოკატებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერის მოთხოვნას, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომელმაც აღნიშნა, რომ გაუთქმელობის დაკისრებით, მხარეთა თანასწორობა ირღვევა.