"მთავარის" წყარო: ფარცხალაძე მოდულში არ ყოფილა - როგორ და რა ფორმით გამოკითხეს ყოფილი პროკურორი?

გამოქვეყნდა:

ჯაშუშობის საქმე რომლის მთავარი ფიგურანტიც ოთარ ფარცხალაძეა თაროზე შემოსადებად თითქმის გამზადებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა თუნდაც ფორმალური ინტერესი  რომ ნამდვილად სურს იმის დადგენა ჯაშუშობდა თუ არა ყოფილი გენერალური პროკურორი ოკუპანტი რუსეთის სასარგებლოდ. 

სუსში გამოძიება რომ ფორმალურად მიდის ბევრი ფაქტორი აჩვენებს. ერთერთი მნიშვნელოვანი კი თავად ფარცხალაძის დაკითხვის გასაიდუმლოებაა. სუსში შესული ყოფილი გენერალური პროკურორი მედიას არ გაუშუქებია, შესაბამისად დარჩა განცდა რომ სანქცირებული ფარცხალაძე იქ არც არავის მიუწვევია.  "მთავარის" წყაროს მოწოდებული ინფორმაცია კი ამ ეჭვს ამყარებს. 

კონფიდენციალური წყარო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვეუბნება, რომ ოთარ ფარცხალაძე მოდულში არ ყოფილა. რადგან უწყება რომელსაც მუშაობის განსხვავებული რეჟიმი აქვს და დღე-ღამის ნებისმიერ დროს შენობაში სულ ხალხია, ყოფილი პროკურორის მისვლას ვინმე აუცილებლად შეამჩნევდა. წყარო არ გამორიცხავს რომ ფორმალურად მიმდინარე გამოძიებას დოკუმენტი ფარცხალაძის დაკითხვის შესახებ ჰქონდეს, თუმცა გვიმტკიცებს რომ ის ერთი ადამიანის შედგენილი იქნება. ანუ მარტივად გასაგები რომ იყოს, გამომძიებელმა რომელსაც საქმე დაავალეს, ოქმში კითხვაც და პასუხიც თავად დაწერა და დოკუმენტი ფარცხალაძეს   უბრალოდ ხელმოსაწერად მიუტანა. რადგან მოდულში ის არავის უნახავს ვარაუდობენ რომ ოქმზე ხელმოწერა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარ სახლში გააკეთა. 

ფარცხალაძის დაკითხვას საეჭვოს კიდევ ერთი გარემოება ხდის. თუ ის მოდულში იყო, მაშინ ვინ ახლდა მას. ჰყავდა თუ არა იურისტი. გაგი მოსიაშვილი რომელიც ყოფილ გენერალურ პროკურორს წინა საქმეებში იცავდა ამბობს რომ ამ საქმეზე ფარცხალაძეს მისი მომსახურებით არ უსარგებლია. 

ეჭვების გასაფანტავად და ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად "მთავარის" საინფორმაციო სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური წერილით მივმართეთ და ფარცხალაძის დაკითხვის, ან გამოკითხვის დეტალები მოვითხოვეთ. ჩვენ გვაინტერესებს, როდის და რა ვითარებაში ჩატარდა საგამოძიებო პროცედურა, რამდენ ხანს გაგრძელდა დაკითხვა და სხვა ასეთი დეტალები.  წერილზე ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, სატელეფონო საუბარში კი უწყების პრესსამსახურმა მხოლოდ ის  გვითხრა რომ ოთარ ფარცხალაძე 2023 წლის 19 სექტემბერს გამოკითხეს. აქაც საინტერესოა სიტყვა გამოკითხეს. იურისტები გვეუბნებიან რომ  გამოკითხვა და დაკითხვა გამოძიების სხვადასხვა ეტაპია. ანუ შეიძლება ადამიანი მითუმეტეს ფარცხალაძისნაირი გავლენის, ნებისმიერ ადგილას, ან სატელეფონო საუბრისას გამოკითხო. კიდევ უფრო თუ დავაკონკრეტებთ უბრალოდ საქმის ირგვლივ გაესაუბრო, შემდეგ ჩათვალო რომ მისი  ინფორმაცია საინტერესო არაა და დაკითხვაზე აღარც გამოიძახო. 

კიდევ ერთი უცნაურობა ამ საქმეში იმ მუხლის გასაიდუმლოებაა, რომლითაც გამოძიება აქვთ დაწყებული. ორ კვირაზე მეტია სუსი ამაზე არ საუბრობს. თუ ჩვენ ვივარაუდებთ, შეიძლება ვთქვათ რომ წარმება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით უნდა ჰქონდეთ დაწყებული, რადგან ფარცხალაძის დასანქცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ის შეესაბამება. 

მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა.

ეს ძალიან მცირე მაგრამ ნათელი ფაქტებია იმის რამდენად მნიშვნელოვანია ოთარ ფარცხალაძე ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და რაზეა წამსვლელი მთავრობა ამ ერთი კაცის დასაცავად. კაცის რომელმაც საჯარო თანამდებობა ათი წლის წინ სკანდალურად დაკარგა, მაგრამ ივანიშვილის კარზე ნდობა შეინარჩუნა. არაოფიციალურად ამბობენ რომ ოლიგარქთან ფარცხალაძეს უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე პრემიერ ღარიბაშვილს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი