პოლიტიკური მოტივით დაკავების კიდევ ერთი ფაქტი. სამტრედიაში, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის წევრი და პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ზაქრაძე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.
ზაქრაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკაც ჩაატარეს, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს.
ამის მიუხედავად, ზაქრაძე პოლიციის შენობაში მაინც გადაიყვანეს და ოჯახს განუმარტეს რომ მალევე გაათავისუფლებდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ დავით ზაქრაძე პოლიტიკური აქტივობას შეწყვეტდა.
შემთხვევა დაახლოებით 6 საათის წინ მოხდა. ცნობილია, რომ დაკავებული პოლიციის შენობიდან გაიყვანეს, თუმცა სად გადაიყვანეს, ოჯახს არ ეუბნებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, დავით ზაქრაძეზე ზეწოლა მიმდინარეობს და სამართალდამცველები მას ნარკოტიკების ჩადებით და დაკავებით ემუქრებიან.
დავით ზაქრაძე აქტიურად არის ჩართული გენერალი დევი ჭანკოტაძის საარჩევნო კამპანიაში. ჭანკოტაძე კენჭს სწორედ სამტრედია- წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზაქრაძე 4 სოფლის კოორდინატორია. მის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს თავად ჭანკოტაძეც.