"ისრაელი მზადაა, იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება" | საქართველოში ისრაელის ელჩი

გამოქვეყნდა:

"ისრაელი მზად არის, იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი საუბრობს. მან ირანის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ დესტაბილიზაციაზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი. 

მოსადის პასუხისმგებლობის შესახებ შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, დაისვა ისრაელშიც, მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის. ახლა არის დრო, ვიბრძოლოთ და ვუპასუხოთ ამ საშინელ თავდასხმას, რომელიც წამოწყებული იყო ჰამასის მიერ. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს პასუხი, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოვა დრო, ყველაფერს გამოვიძიებთ და გავიგებთ, სად დავუშვით შეცდომა და რა უნდა გავაუმჯობესოთ.

რაც შეეხება რუსეთსა და ირანს, იმედი გვაქვს, ამ საშინელი თავდასხმის შემდეგ რუსეთი ბოლოს და ბოლოს აღიარებს, რას წარმოადგენს სინამდვილეში ჰამასი, ირანი კი ტერორიზმის მთავარი წყაროა ახლო აღმოსავლეთსა და მის მიღმა. ყოველთვის, როდესაც ვხედავთ დესტაბილიზაციის ძალისხმევას ამ რეგიონში, როგორც წესი, ამას ყოველთვის მივყავართ ირანისკენ. ირანი ცდილობს ისრაელს ზიანი მიაყენოს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჰყავდა სამიზნეები. ამ ქვეყანას ჰამასთან დიდი ხნის ახლო ურთიერთობა აქვს, ამიტომ ვთვლით, რომ ირანი პასუხისმგებელია ყველაფერ იმაში, რისი მიზანიც ისრაელისთვის ზიანის მიყენებაა.

რაც შეეხება სხვა არაბულ ქვეყნებს, ჩვენ მოვისმინეთ არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან ისრაელზე ამ თავდასხმის დაგმობა. ისრაელსა და გაერთიანებულ საემიროებს უკვე სამი წელია ახლო ურთიერთობები აქვთ. ახლო აღმოსავლეთი არ არის ისეთი, როგორიც 30 წლის წინ იყო და ჩვენ ახლა გვაქვს სამშვიდობო ხელშეკრულებები ეგვიპტესთან, საემიროებთან, იორდანიასთან, ბაჰრეინთან. ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა კარგი დროა ისრაელზე თავდასხმისთვის, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. 

მე არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ისრაელი მზად არის, რომ იბრძოლოს იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება, - თქვა ელჩმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი