დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა, რათა სოლიდარობა გამოხატოს ისრაელელის ხალხის მიმართ პალესტინის მებრძოლი ჯგუფის ჰამასის თავდასხმების შემდეგ- ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჩავიდა ისრაელში, რათა გამოხატოს გაერთიანებული სამეფოს ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ ჰამასის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. ის შეხვდება თავდასხმის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებს და ისრაელის მაღალჩინოსნებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ბრიტანეთმა, მის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და დაგმო ჰამასის თავდასხმები.
ისრაელში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ''ჰამასმა'' აიღო და მას ოპერაცია ''ალ-აკსას'' შტორმი ეწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ''რკინის ხმლების'' დაწყება გამოაცხადა.