ისრაელის ეროვნული ავიაკომპანია EI AI აცხადებს, რომ 1982 წლის შემდეგ პირველად, რეზერვისტებისა და საზღვარგარეთ ჩარჩენილი უსაფრთხოებისა და სამაშველო ძალების გადასაყვანად, ფრენებს შაბათ დღესაც განახორციელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები აშშ-დან და აზიიდან შესრულდება და ისრაელის არმიის რეზერვისტებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, რადგან, მათი თქმით, ეს "ტერორსტულ ჯგუფ "ჰამასთან" მიმდინარე ომის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
ცნობილია, რომ ჯარისკაცები ისრაელში ნიუ-იორკიდან და ბანგკოკიდან შაბათს, ორი Boeing 787 თვითმფრინავით უფასოდ დაბრუნდებიან.
EI AI განმატავს, რომ ავიაკომპანია ემორჩილება ებრაულ სამართლებრივ პრინციპს, ე.წ. pikuah nefesh-ს, რომლის მიხედვითაც სიცოცხლის გადარჩენა თითქმის ყველა სხვა რელიგიურ მოთხოვნას აღემატება.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.