პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაზე სამი მოსამართლის - ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი გამოქვეყნდა.
მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი.
გარდა ამისა, მათი განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით იმპიჩმენტის საფუძვლად მიჩნეული კონსტიტუციის დარღვევის ფაქტობრივად ფორმალურ, ნებისმიერი ხარისხის დარღვევამდე დაყვანით დაკნინდა ამ პროცესში სასამართლო კონტროლის მნიშვნელობა.
"არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკურად მიუკერძოებელ, და ამავე დროს, ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ფუნქცია უნდა განახორციელოს სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციებში შეჭრის გარეშე", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მოსაზრების ავტორები წერენ, რომ მთავრობა არ წარმოადგენს ერთადერთ ორგანოს, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს.
მოსამართლეების თქმით, სადავო ვიზიტებთან დაკავშირებით სასამართლოვის ცნობილია, რომ პრეზიდეტნი შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. 3 მოსამართლე ამბობს, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა გაახმოვანა გზავნილები, რომლებიც მთავრობის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოა ან/და ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც რამენაირად გასცდა მის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ცერემონიულ როლს, ან/და განახორციელა ისეთი ქმედება, რომელმაც მთავრობის საგარეო პოლიტიკა დააზიანა.
"ვთვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ხელშეშლის შესახებ. უფრო მეტიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არც კი მიუთითებენ, რომ ხსენებულმა სამმა ვიზიტმა ან მის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა რომელიმე ქმედებამ საქართველოს მთავრობის მიერ საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესი დააზიანა ან/და განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო იყო", - წერია მოსაზრებაში.
სამი მოსამართლე ამბობს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა.
"მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იწვევს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია", - აცხადებენ მოსამართლეები.
იხილეთ სრულად.