ქვეყნები გმობენ ღაზის საავადმყოფოში აფეთქებას, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

არაერთმა ქვეყანამ დაგმო აფეთქება ღაზის საავადმყოფოში, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. "ჰამასი" მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი განაცხადეს, რომ დაზვერვის ვარაუდით, აფეთქება გამოწვია ისლამური ჯიჰადის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ.  პალესტინის მხარე ამბობს, რომ დაღუპულია მინიმუმ 500 ადამიანი.

საფრანგეთმა განაცხადა, რომ "მტკიცედ გმობს ღაზაში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოზე თავდასხმას, რამაც გამოიწვია პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ძალიან დიდი მსხვერპლი", - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ყველასთვის სავალდებულოა და უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ღაზას სექტორში ჰუმანიტარული წვდომა დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ განაცხადა, რომ "ალ აჰლის საავადმყოფოს განადგურება ადამიანის სიცოცხლის დამანგრეველი დანაკარგია". მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი იმუშავებს მოკავშირეებთან, რათა გაარკვიოს რა მოხდა და დაიცვას უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში.

პაკისტანმა აფეთქებას "ისრაელის თავდასხმა" უწოდა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ:

"სამოქალაქო მოსახლეობისა და ობიექტების განურჩეველი დამიზნება არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და წარმოადგენს ომის დანაშაულს".

პაკისტანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გადაუდებელი ზომები მიიღოს, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს "ისრაელის დაბომბვა და ღაზის ალყა და დაუსჯელობა, რომლითაც ისრაელის ხელისუფლება მოქმედებდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში".

იაპონიის მთავრობამ დაგმო აფეთქება და განაცხადა, რომ "სასავადმყოფოებზე ან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არ შეიძლება გამართლებული იყოს არავითარი საფუძველით".

ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გრძნობს "ძლიერ აღშფოთებას უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული უზარმაზარი ზიანის გამო" და გამოხატავს გულწრფელ თანაგრძნობას აფეთქების შედეგად დაზარალებულთა, დაღუპულთა ოჯახებისა და ადამიანების მიმართ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი