"ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, რატომ გაიწელა ამდენ ხანს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა" | ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

"ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, რატომ გაიწელა ამდენ ხანს ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საუბრობს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას ეხმაურება. 

„ჩემთვის ეს იყო სრულიად გაუგებარი ფაქტი, თუ რატომ გაიწელა ამდენ ხანს. ჩვენ დიდი ხნის წინ მივაწოდეთ პრეზიდენტს ამის შესახებ რეკომენდაცია და ჩვენი გადაწყვეტილება და თუ აქამდე, რატომ არ მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს ფაქტი ამოუხსნელია", - თქვა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ყოფილ მთავარ პროკურორს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებაში ეწერა: "პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე".

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. 

მის ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. დღეს ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი გადაგზავნილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა რუსეთის მოქალაქეობა აქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი