
ალექსეი ნავალნი - რუსეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი და რუსეთის ოპოზიციის ფაქტობრივი ლიდერი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ის ქალაქ ომსკის ცენტრალურ საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ოპოზიციის ლიდერის მძიმე მდგომარეობის მთავარ მიზეზად მოწამვლა სახელდება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ომსკიდან გამოფრენის წინ მან აეროპორტის კაფეში ჩაი დალია. თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში კი თავი შეუძლოდ იგრძნო. ხმამაღალი ბრალდებები ჯერჯერობით არ ისმის, მაგრამ რუსეთის ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და დასავლური სამყარო ფაქტობრივად უსიტყვოდ თანხმდება, რომ ალექსეი ნავალნი, ისევე როგორც ბოლო წლებში მოკლული სხვა ოპონენტები - ვლადიმერ პუტინის მორიგი მსხვერპლია.
ყველას ვისაც კრიტიკული აზრი აქვს პუტინის რეჟიმი კლავს და სცენარი ყველა მსგავს შემთხვევაში ერთია. რუსი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი, პიოტრ ვერზილოვი თავად იყო დევნის ობიექტი და ის 2018 წელს სასამართლო დარბაზში მოწამლეს. ვერზილოვი ყვება, რომ ეს არის პოლიტიკური სპეცოპერაცია პუტინის მთავარი ოპონენტის და რუსეთის მიმდინარე საპროტესტო ტალღის მთავარი ლიდერის მიმართ, და რეჟიმი სჯის ყველას ვინც პუტინის წინააღმდეგია. რუსი ჟურნალსიტი, ოლეგ პანფილოვი, კი რომელიც უკვე წლებია თბილისში ცხოვრობს და კარგად იცის, როგორ უსწორდება კრემლი ოპონენტებს, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში ოპოზიცია არ სჭირდება, და ყველას ვინც ადამიანის უფლებების დაცვაზე, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს, პრეზიდენტი პუტინი გზიდან იშორებს.
რუსი პოლიტიკოსის და პუტინის მთავარი ოპონეტნტის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. ის ომსკის ცენტრალური საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერი გარემოებებს იხსენებს, თუ რა ვითარებაში მოიწამლა ოპოზიციის ლიდერი.
ალექსანდრ ლიტვინენკო, ანა პოლიტკოვსკაია, ნატალია ესტემიროვა, ბორის ნემცოვი, ვლადიმერ კარამურზა, პიოტრ ვერზილოვი, სკრიპალები და ბოლოს ალექსეი ნავალნი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პირების, ვინც ბოლო წლებში პუტინის რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მაშინ, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერის მოწამვლის ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა დასავლური სამყაროდან, მომხდარს მცირე და ცინიკური განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და თქვა, რომ თუკი ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი დადასტურდება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას დაიწყებენ.