"ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში, ანგარიშის წარდგენის შემდეგ მედიასთან საუბრობს.
ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან საჯარო სივრცეში განათავსა.
"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს 7-იდან 15 წლამდე. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან ჩვენ სამსახურს კანონმდებლობით გამოკითხვის უფლება გვაქვს.
მინდა გითხრათ, რომ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ასე რომ, შინაარსს ადვილად მიხვდებით. მან საჯარო სივრცეში რაც განაცხადა, ამაზე დიდი არაფერი განუცხადებია. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა. მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესში", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა.
გარდა ამისა, კითხვაზე, იმყოფება თუ არა ფარცხალაძე საქართველოში, ლილუაშვილი პასუხობს, რომ მან საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.
"ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ყოფილ მთავარ პროკურორს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებაში ეწერა: "პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე".
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
მის ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. დღეს ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.
18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი გადაგზავნილი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა რუსეთის მოქალაქეობა აქვს. გარდა ამისა, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.