სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ოკუპირებულ ოჩამჩიერეზე, სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვრო ძალების ბაზის განთავსება იგეგმება ამბობს, რომ მინიმუმ 3 წელი დასჭირდება არსებული ინფრასტრუქტურის გარდაქმნას ისე, რომ პორტი დიდ ხომალდებს მოემსახუროს.
"ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე, თუმცა მინდა გითხრათ, ცოტა პატარა ისტორიას მოგიყვებით, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწყვის ნავებს, კატარღებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე.
არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა დასჭირდება სულ მცირე 3 წელიწადი", - თქვა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტს აღნიშნული პორტი კი არა მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრხეს.
5 ოქტომბერს გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, "შეთანხმებას" მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.