გოგა კიკილაშვილის იუსტიციის საბჭოში დანიშვნა ასეთი ხმაურიანი არ იქნებოდა რომ არა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, მისი საბჭოში არჩევა კი დროში საეჭვოდ დაემთხვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე. მამა კიკილაშვილი ერთ-ერთია იმ 6 მოსამართლეს შორის, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს და ქართულ ოცნებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველიო მისცეს. სწორედ ამის გამო საზოგადოებაში გაჩნდა განცდა რომ შვილის დაწინაურებით მამა დააჯილდოვეს.
გოგა კიკილაშვილის დანიშვნიდან 4 დღე გავიდა, თუმცა ის საბჭოში ჯერ არ მისულა. ახალი წევრი არ დასწრებია არც იმ სხდომას რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრთან დაკავშირებას ჩვენ რამდენიმე დღეა უშედეგოდ ვცდილობთ. ის სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს. კიკილაშვილთან შეხვედრა ჩვენ ვერც მის საცხოვრებელ სახლში მოვახერხეთ.
საბჭოს ახალი წევრი მედიასთან არ ჩნდება და სათქმელი განცხადებაში დაწერა სადაც ამტკიცებს, რომ მისი დანიშვნა მხოლოდ მის პროფესიულ კვალიფიკაციას უკავშირდება, თუმცა იმავე განცხადებაში არაფერი თქვა მამის გავლენებზე სასამართლო სისტემაში. საეჭვო დამთხვევებზე არ საუბრობს არც თავად საკონსტიტუციოს მოსამართლე.
გოგა კიკილაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და მკვლევარია, ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამავე უნივერსიტეტმა წარადგინა. 2018 წლიდან ადვოკატია, 2020-დან კი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. მისმა კანდიდატურამ მოწონება თავიდანვე დაიმსახურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან, როდესაც კიკილაშვილმა გასაუბრების დროს პოზიტიურად შეაფასა საბჭოს დაკომპლექტების წესი და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არსებული მოდელი პოლიტიკური აქტორებით იყო გაჯერებული, რაც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საფრთხეს უქმნიდა.
არავინ უარყოფს რომ კიკილაშვილი წარმატებული იურისტია, თუმცა ისიც ფაქტია რომ ის საბჭოში არჩევას წლები ელოდა. არამოსამართლე წევრად დანიშვნაზე მანამდე მას უარი არაერთხელ უთხრეს. კიკილაშვილს საკმარისი ხმების მოგროვება ყოველთვის უჭირდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად მამის გადაწყვეტილებამ შეცვალა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი პირობაა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ამ გადაწყვეტილებით ახლა ხელისუფლება პირობის შესრულების იმიტაციას ქმნის. იურისტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან აცხადებენ რომ ხვიჩა კიკილაშვილის შვილის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განწესება ნეპოტიზმის აშკარა მაგალითია, რაც სხვა ხარვეზებთან ერთად, სასამართლო რეპუტაციას აზიანებს.
ხვიჩა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2020 წელს დანიშნეს. მანამდე ის სამოსამართლეო საქმიანობას საერთო სასამართლოებში ახორციელებდა. მის სამოსამართლეო ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქეისი გიორგი მიქაუტაძის საქმეა. მაშინ ხელვაჩაურის რაიონის მოსამართლე კიკილაშვილმა, კლანთან დაახლოებული მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. მიქაუტაძეს მაშინ ერთ-ერთი ოჯახი არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებდა. ბავშვის ცემის საქმეზე დაწყებული გამოძიება ხვიჩა კიკილაშვილმა რამდენიმე საათში გიორგი მიქაუტაძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმედ გადააქცია და გონიოში ზღვის სანაპიროზე მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა მოზარდის ოჯახს დააკისრა. მოსამართლე კიკილაშვილის გადაწყვეტილების გამო მაშინ დაზარალებული ოჯახი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინათ და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასულიყვნენ.
მამა-შვილი კიკილაშვილების მაგალითი კიდევ ერთი დასტურია იმისა, როგორ იმართება ქვეყანაში სასამართლო სისტემა და როგორ უფასებს მმართველი გუნდი მოსამართლეებს ერთგულებას.