გრუ-ს ჯგუფმა ნატოს ქვეყანაში პირველი აფეთქება 2011 წელს განახორციელა | Insider-ის გამოძიებით, აღნიშნული საქართველოსთანაც იყო კავშირში

გამოქვეყნდა:

რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს დანაყოფი (ადრე ცნობილი როგორც GRU), რომელიც ცნობილია როგორც 29155 სამხედრო ნაწილი, მონაწილეობდა ბულგარეთში, 2011 წელს მომხდარ აფეთქებაში, რომელიც ნატოს ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის პირველ ასეთ დივერსიულ აქტად ითვლება.

The Insider წერს, რომ ჯგუფის ზომამ საბოლოოდ მიაღწია დაახლოებით 70 ადამიანს. მას თავიდანვე ხელმძღვანელობდა ანდრეი ავერიანოვი, ადრე პოლკოვნიკი, ახლა კი გენერალი. The Insider-ის ცნობით, ქვედანაყოფმა პირველი დივერსია 2011 წლის შემოდგომაზე, რამდენიმეწლიანი ორგანიზაციული და ტექნიკური მომზადების შემდეგ განახორციელა.

სამიზნე იყო EMCO-ს საწყობი ბულგარეთის სოფელ ლოვნიდოლში, რომელშიც ათასობით საარტილერიო ჭურვი იყო.

რუსეთის სამხედრო დაზვერვა "დარწმუნებული იყო, რომ EMCO საქართველოს მიჰყიდდა ამ ჭურვებს და მათ ამის ძალიან ეშინოდათ: 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის შემდეგ, კრემლი ელოდა, რომ საქართველო შეეცდებოდა ამ რეგიონების დაბრუნებას", წერს გამოცემა. 

ბულგარული კომპანიის ხელმძღვანელმა ემილიან გებრევმა გამოცემას დაუდასტურა, რომ საბრძოლო მასალის ერთ-ერთი შესაძლო მყიდველი საქართველო იყო.

ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ავერიანოვი და მისი ქვეშევრდომები, რომელთა შორის იყო ანატოლი ჩეპიგა (მოგვიანებით იგი გახდა ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ერთ-ერთი სავარაუდო მომწამვლელი) 2011 წლის ოქტომბერში შევიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში სოფელ ვრბეტიცის მახლობლად მდებარე საწყობში, სადაც ინახებოდა EMCO-ს მიერ შეძენილი 6 ათასი ჭურვი, რომელიც განკუთვნილი იყო ბულგარეთში გადასაზიდად.

იქ მათ საბრძოლო მასალის კომპლექტში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟეს და ლოვნიდოლის საწყობში მისვლის შემდეგ ააფეთქეს. ამის შედეგი იყო მასშტაბური ხანძარი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა, წერს The Insider.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელმა გამომძიებლებმა მაშინვე იპოვეს მტკიცებულება, რომ საწყობი ააფეთქეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობით, ბულგარელმა პროკურორებმა გამოძიება დახურეს სამი წლის შემდეგ მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი