ნოვოროსიისკის პორტი ვერ იტევს რუსული ფლოტის გემებს, ამიტომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა | უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა გემების ნაწილი ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაიტანა, მაგრამ ეს პორტი ვერ იტევს ყველა რუსულ გემს, ამიტომ ამისთვის საქართველოს ოკუპირებული ნაწილის გამოყენება გადაწყვიტეს - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ Apostrof TV-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ოკუპანტებმა გემების ნაწილი ყირიმიდან ნოვოროსიისკში გადაიტანეს. თუმცა იქ არსებული პატარა პორტი ვერ იტევს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემს, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია ამ მიზნით“, - აცხადებს დაზვერვა. 

სკიბიცკის თქმით, ამ კუთხით, ამ დროისთვის აქტიური სამუშაოები ქალაქ ოჩამჩირეში მიმდინარეობს -  "რუსებმა იქ ჩაატარეს გათხრები, განაახლეს პორტის ინფრასტრუქტურა, რათა უზრუნველყონ სამხედრო გემების იქ ბაზირება".

მისივე თქმით, უკრაინის ამოცანა ყირიმთან დაკავშირებით უცვლელია- "ჩვენი ამოცანაა ოკუპირებული ყირიმის სრულად გათავისუფლება. ჩვენ არ დავიხევთ უკან. ამისთვის აუცილებელია იქ მყოფი საოკუპაციო ჯგუფის განადგურება", - განაცხადა მან.

"რუსეთის ფედერაციის აქტივობის გასანეიტრალებლად აუცილებელია სამხედრო ხომალდების განადგურება, როგორც პრიორიტეტი. ეს არის ხომალდები, რომლებიც ატარებენ ფრთოსან რაკეტებს - ისინი გამოიყენება ჩვენს ტერიტორიებზე დასარტყმელად“, - განაცხადა სკიბიცკიმ.

5 ოქტომბერს გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, "შეთანხმებას" მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი. 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი