საბერძნეთის პრემიერმინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ისრაელში ჩავიდა და ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. როგორც მიცოტაკისმა აღნიშნა, საბერძნეთი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.
"მოვედი აქ არა მხოლოდ როგორც მოკავშირე, არამედ როგორც ნამდვილი მეგობარი. მართლაც საშინელება იყო, რაც მოხდა და ჩვენ პირველივე წუთიდან მხარი დავუჭირეთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ დავინახეთ ძალიან მკაფიო განსხვავება "ჰამასსა" და პალესტინელ ხალხს შორის. გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მოხდება ზედმეტი ჰუმანიტარული საფასურის გარეშე. ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ", - თქვა მიცოტაკისმა.
შეხვედრაზე ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუმ საბერძნეთის პრემიერმინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"კარგო მეგობარო, ძალიან სასიამოვნოა შენი აქ ნახვა. ყოველთვის ვამბობ, რომ ისრაელის მხარდაჭერისთვის საუკეთესო გზა არის ამ მხარდაჭერის გამოხატვა ისრაელში ვიზიტის დროს. ძალიან ვაფასებ თქვენს სოლიდარობას. ჩვენ, ყველანი, უნდა გავერთიანდეთ „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ისლამური სახელმწიფოა", - თქვა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: