
მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - "გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023".
მთავრობა ამბობს, რომ ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − "სატრანსპორტო დერეფნები" − ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება.
პრესსამსახურის ცნობით, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია.
"გლობალური კარიბჭე" არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.
"გლობალური კარიბჭე" სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება.
"გლობალური კარიბჭე" აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.