"ჰამასი" პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავსტრალიის პრემიერმინისტრ ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას საუბრობს.
მისივე თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, "ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ღაზაში უდანაშაულო, მშვდობიანი მოსახლეობა დაიცვას".
"მშვიდობის გზაზე რომ დავდგეთ, ეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც ყველა მხარისთვის კონცენტრირებულ ძალისხმევას ნიშნავს, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის...
"ჰამასი" პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც საზიზღარი და ლაჩრული საქციელია. ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისრაელს დამატებით ტვირთად აწვება. იმის მიუხედავად, რომ ისინი "ჰამასს" ებრძვიან, ეს არ ამცირებს ომის კანონების შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრებას", - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.