პოლონეთში, ქალაქ ჩრზანოვის, შაბათს, ბოულინგის კლუბთან ჩხუბის გამო 8 პირი დააკავეს. ერთ-ერთ კაცს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება, როგორც პოლონური მედია წერს, ის ქართველია.
მედია ამბობს, რომ ქართველი 26 წლისაა და კლუბის წინ შეკრებილ ადამიანთა ჯგუფში მანქანით შევარდა. პოლიცია ამბობს, რომ ის შეკრებილებს განზრახ დაეჯახა და მანქანას ნასვამი მართავდა.
ქართველს 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ჩხუბში რამდენიმე ქართველი და პოლონელი მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ ბეიზბოლის ჯოხები.
ამჟამად ბრალი სამ პოლონელსა და ხუთ ქართველს აქვს წარდგენილი.
"იმავე ღამეს, მძღოლის გარდა, თანამშრომლებმა ამავე საქმეზე კიდევ სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს, ანუ ჩხუბისას სახიფათო იარაღის გამოყენებას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 თვიდან 8 წლამდე", - ამბობს ჩრზანოვში პოლიციის რაიონული შტაბის პრესმდივანი.