რუსთავის მერიის მაღალჩინოსანი, სამუშაო საათების დროს მისივე დეპარტამენტის თანამშრომლებს ქუჩური მეთოდებით გაუსწორდა.
მერიის სერვის ცენტრის უფროსი, გიორგი გოროზია და რამდენიმე პირი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ფიზიკურ ანგარიშსწორებას უწყების არაერთი თანამშრომელი შეესწრო. მომხდარის შესახებ რუსთავის მერიაში კამერასთან ღიად არ საუბრობენ. კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა მერიის ადმინისიტრაციამაც.
რუსთავის მერიაში ხელჩართულ ჩხუბს რამდენიმე მოქალაქეც შეესწრო. მათ შორის ისინიც, ვინც დაპირისპირების მიზეზი კარგად იცოდა. ერთ-ერთი პირი, რომელმაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების გამო არ ისურვა, "მთავარ არხთან" ყვება, რომ გოროზია ერთ-ერთ თანამშრომელს რამდენიმე დღით ადრე სუფრაზე დაუპირისპირდა, მერიაში მომხდარი გარჩევის მიზეზი კი თანამდებობისთვის ბრძოლა გახდა.
დაპირისპოირებას უარყოფს ინციდენტის მთავარი მონაწილე. გიორგი გოროზია, რომელიც მომხდარის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოსტის შეცვლას კი გოროზია მერიაში მიმდინარე რეორგანიაციით ხსნის.
პირი, რომელთანაც გიორგი გოროზიამ იჩხუბა, დღეს სამსახურში არ იყო. მთავარი არხის ინფორმაციით, დაზარალებულს ურჩიეს, სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ სამართალდამცველებისა და მედიისთვის არ მიემართა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ რუსთავის მერიაში დაპირისპირება ხშირია და ძირითადად, ამის მიზეზი მაღალჩინოსნებს შორის კორუფციული გარიგებები და გავლენების გადანაწილებაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა რუსთავის მერიაში, როდესაც თანამშრომლებმა ერთმანეთი სცემეს. თვითმმართველი ქალაქის მერიის ანგარიშზეა მერის მოადგილესა და მოქალაქეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებაც, რა დროსაც მაღალჩინოსანმა უწყებაში მისულ მოქალაქეს საქმე 90-იანი წლების მეთოდებით გაურჩია.