პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. უწყების ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
გამოძიების მსვლელობისას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
პროკურატურის განცხადებაში ასევე წერია, რომ წერილზე თითის კვალი დამტოვებელი პირის იდენტიფიცირებისა და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშნდელი შინაგან საქმეთა მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
ცნობისთვის, 2019 წლის 6 მარტს მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც მან გამოძიებას წერილის ასლი წარუდგინა, ხაზარაძის ინფორმაციით, იმ დროს დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.