
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, მაიკ ჯონსონი ერთ-ერთია იმ 13 რესპუბლიკელ კონგრესმენს შორის, რომლებიც 2020-ში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდნენ.
მაიკ ჯონსონმა თანამდებობა 26 ოქტომბერს დაიკავა. მან ჯერ კიდევ 3 წლის წინ მოაწერა ხელი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც მიმოიხილავს შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან და საფრთხის შემცველ საკითხებს. სწორედ ამ კონტექსტში არის დოკუმენტში ნახსენები ბიძინა ივანიშვილიც.
ანგარიშის ავტორები წერენ: "არსებული სანქციები საკმარისად არ არის მიმართული პუტინის მარიონეტებისადმი, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, არის ახლო მოკავშირე ვლადიმერ პუტინისა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში".