ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია ომის მეორე ეტაპია ძალიან მკაფიო მიზნებით - თქვა ისრაელის პრემიერიმინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნეთნიაჰუმ მედიის შეკითხვებს, ღაზაში დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები შევიდნენ, "ბოროტების ციხესიმაგრეში" (ღაზას სექტორს), ჰამასის ლიკვიდაციისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით.
ჯარისკაცები და მეთაურები ახლა ღაზას სექტორში არიან, ისინი ყველგან არიან განლაგებული. ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ - ამბობს ნეთანიაჰუ.
მან უარყო ბრალდებები, რომელიც დღეს თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა და ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა, თუმცა ერდოღანი არ უხსენებია.
„ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულონ ომის დანაშაულებში, ეს ფარისევლობაა. ჩვენ ვართ ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში" - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არმია სიფრთხილის ზომებს იღებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მან ჰამასი დაადანაშაულა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნა, რომ დაჯგუფება ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს.
პრესკონფერენციამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთეს მათი ახლობლების სახლში დასაბრუნებლად.
მძევლები ჰამასის მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის დროს აიყვანეს. არსებული მონაცემებით, ტერორისტების ტყვეობაში 229 პირია. მათ შორის, ბავშვები, მოხუცები და სამხედრო მოსამსახურეები.
ისრაელის მთავრობის ცნობით, მძევლებიდან მინიმუმ 135 უცხოელია, ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ისრაელმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა , რომ ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ისრაელის არმია გააგრძელებს ოპერაციას, რომელიც ღამით დაიწყო ღაზის სექტორში და რომელიც მიზნად ისახავს ჰამასის გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე ისლამისტური მოძრაობის ლიდერების ლიკვიდაციას.