ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა "ჰამასის" დაახლოებით 450 ობიექტი დაბომბეს. IDF-ში აცხადებენ, რომ სამიზნეები "ჰამასის" სამეთაურო ცენტრებსა და სადამკვირვებლო პუნქტებს მოიცავდა.
თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარებმა დაარტყეს "ჰამასის" ტერორისტულ უჯრედებსა და რაზმებს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდნენ. ასევე, მიმართეს თვითმფრინავებს ტერორისტული ჯგუფის კუთვნილი სხვა ადგილების დასამიზნებლად.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.