"შევცდი... არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი" | ნეთანიაჰუ უსაფრთხოების სამსახურების დადანაშაულებაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოდიშს იხდის განცხადებისთვის, რომელშიც ის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებდა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმა ვერ აღკვეთეს.

"შევცდი. ის, რაც პრესკონფერენციის შემდეგ ვთქვი, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი", - დაწერა ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში, სადაც მან გუშინდელი პოსტი წაშალა. მისი თქმით, ის უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელს სრულად უჭერს მხარს.

"ძალას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსს და თავდაცვის ძალების მეთაურებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ფრონტზე არიან და ჩვენი სახლისთვის იბრძვიან", - დაწერა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, 28 ოქტომბერს პრემიერმა ნეთანიაჰუმ დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა არ გააფრთხილეს „ჰამასის“ მოახლოებული თავდასხმის შესახებ. ამ განცხადებამ ოპოზიციის ლიდერების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათ ნეთანიაჰუს მისი სიტყვების უკან წაღებისა და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი