მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს ჰქონდა დავალება მიღებული, მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად შეეზღუდა. დღეს ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვის დროს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა გათიშეს.
მოსამართლემ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესიდან არ გაუძევებია და მხოლოდ სიტყვა შეაწყვეტინა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. პროცესზე დაგეგმილი იყო დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა. მომდევნო პროცესზე მიხეილ სააკაშვილს კვლავ სურს დისტანციურად ჩართვა, თუმცა კოჭლამაზაშვილმა ადვოკატებს უთხრა, რომ თუ საქმის ფარგლებს მისი სიტყვა გასცდება, მას საუბრის საშუალებას არ მისცემს.
"ბადრი კოჭლამაზაშვილს ჰქონდა დავალება მიღებული, მიხეილ სააკაშვილი შეეზღუდა მაქსიმალურად. ამ მოსამართლეს არ უჭირს უკანონო გადაწყვეტილებების მიღება, ეს მისი ნიშაა, თუმცა დღეს გასცდა ყველანაირ სტანდარტს, მის მიერვე დაწესებული უკანონობების სტანდარტს და მიხეილ სააკაშვილი გათიშა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და თან გვიმტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებდა პროცესში მონაწილეობის მიღებას. ახალი სიტყვა თქვა თეორიულ ფიზიკაში, ადამიანი არ არის სასამართლო სხდომის დარბაზში, ადამიანი არ ერთვება დისტანციურად და თურმე ის პროცესში მონაწილეობას აგრძელებს. ეს განგვიმართა ბადრი კოჭლამაზაშვილმა. ეს არის ცალსახად არაკანონიერი, არასამართლიანი და უბრალოდ არაადამიანური გადაწყვეტილება", - თქვა ბასილაიამ.