მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები | მდინარაძე ქალი დეპუტატების შეურაცხყოფაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და სექსისტურ განცხადებებს მამუკა მდინარაძე ეხმაურება. მდინარაძე ამბობს, რომ "ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა."

"მოდით, ვთქვათ სიმართლე და სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდან სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლაც შეიძლება რაღაც ნორმები ირღვევა ეთიკის და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე თითოეულ ჩვენგანს და ეს უნდა ვაღიაროთ კიდევაც. მე მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი როცა ჩაცხრება, ამას გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ ამაში.

ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ნუ მიიღებთ ისეთ პოზიციად, რომ ვინმე ამართლებთ, პირიქით. ხაზგასმით ვამბობ, არ იყო მოსაწონი გარკვეული ფრაზები ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რასაც მოჰყვა ეს ყველაფერი. ოღონდ ახლა ამაზე ცალკე კამპანიას, ნუ, ააგებს ოპოზიცია. იმიტომ, რომ ყველას მოეთხოვება დაიცვას ეთიკა, დაიცვას კულტურა და მათ შორის ტყუილებით და შეურაცხყოფებით არ გამოიწვიოს სხვა, თუმცა გამართლება არაა," - თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, "ოცნების" დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა დღეს ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს - თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს - შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს რეაგირება არ ჰქონია და მხოლოდ შესვენების შემდეგ გააკეთა კომენტარი.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი