შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 300 ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
პენტაგონის პრესსპიკერი ამბობს, რომ ეს ჯარისკაცები ისრაელში არ ჩავლენ, რადგან მათი გაგზავნის მიზანი აშშ-ის თავდაცვის ძალების გაძლიერებაა. მისივე თქმით, ოქტომბერში ერაყსა და სირიაში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ 27 თავდასხმა განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.