ბოლივია ისრაელთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს | კოლუმბიამ და ჩილემ ელჩები გაიწვიეს

გამოქვეყნდა:

ბოლივიამ განაცხადა, რომ ის წყვეტს დიპლომატიურ კავშირებს ისრაელთან ღაზაზე "აგრესიული და არაპროპორციული" თავდასხმების გამო.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფრედი მამანმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მათი გადაწყვეტილება არის "უარყოფა და დაგმობა ისრაელის აგრესიული და არაპროპორციული სამხედრო შეტევისა, რომელიც განხორციელდა ღაზის სექტორში".

გარდა ამისა, კოლუმბიისა და ჩილეს ლიდერებმა პროტესტის ნიშნად ისრაელში თავიანთი ელჩები გაიწვიეს.

ჩილეს პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა "მტკიცედ გმობს" ისრაელის მიერ "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიუღებელ დარღვევას".

კოლუმბიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ: "თუ ისრაელი არ შეაჩერებს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით".

ცნობისთვის, ეს ხდება მას შემდეგ, რაც ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის სექტორში, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე. IDF-ის (ისრაელის თავდაცვის ძალები) სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო "ჰამასის" მეთაური, რომელიც იმალებოდა მიწისქვეშა ბუნკერში.

ისრაელმა საპასუხო იერიშები დაიწყო 7 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ. ისრაელი ამბობს, რომ დაიღუპა 1 400 ადამიანი და სულ მცირე 239 მძევლადაა აყვანილი. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ 8 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის საპასუხო დაბომბვის დაწყების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი