"გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი" | ქალი დეპუტატები ლაიენს მიმართავენ

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ერთობლივი წერილით მიმართავენ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, თუმცა ქვეყანას სტატუსი განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეებისა და რუსული გავლენების ფონზე უნდა მიენიჭოს. 

პოლიტიკოსები წერენ, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე.

წერილს დეპუტატი სალომე სამადაშვილი მომავალ კვირას ჩაიტანს ბრიუსელში და ევროკომისიის წარმომადგენლებს გადასცემს.

"ქალბატონო პრეზიდენტო,

ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური და ისტორიული არჩევანია. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა (90% საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად) მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ მიაღწიოს დემოკრატიულ განვითარებას და  კეთილდღეობას სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში. ისტორიულად, ისევე როგორც თანამედროვე დროს ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ურყევი ერთგულება ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების.

მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას 2009 წელს, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში იყო დასტური ევროკავშირში ჩვენი ისტორიული საგარეო კურსის.

2022 წლის ივნისში, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას გადასცა კანდიდატის სტატუსი, საქართველო დარჩა გარკვეულწილად ასოცირებული ტრიოს მიღმა, რადგან კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება გადავადდა, მიუხედავად მრავალი წლის მანძილზე მოწინავე პოზიციებისა.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, ჩვენ, პარლამენტის წევრ ქალ დეპუტატებს საპარლამენტო ოპოზიციიდან გვჯერა, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე.

იმავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან  დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის  კეთილდღეობისთვის.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქვე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და გაზრდის საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობებს.

ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები მადლობას გიხდით ევროკავშირში  თქვენი ლიდერობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების ურყევი მხარდაჭერისთვის ევროპისა და  რეგიონისთვის ამ კრიტიკულ დროს.

გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება ლისაბონიდან თბილისამდე მოიტანს გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხისთვის," - ვკითხულობთ წერილში [არაოფიციალური თარგმანი].

მას ხელს აწერენ:

  • აქუბარდია თეონა (რეფორმების ჯგუფი)
  • ბოკუჩავა თინა (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • ბუჩუკური ანა (პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“)
  • ჩარკვიანი თამარ (დამოუკიდებელი დეპუტატი)
  • ჩხეიძე ნატო (პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“)
  • დეკანოიძე ხატია (ევრო-ოპტიმისტების ჯგუფი)
  • ხერხეულიძე ეკატერინე (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • კორძაია თამარ (დამოუკიდებელი დეპუტატი)
  • ნაცვლიშვილი ანა (ლელო საქართველოსთვის)
  • სამადაშვილი სალომე (ლელო საქართველოსთვის)
  • სამნიძე ხათუნა (საქართველოს რესპუბლიკური პარტია)
  • წითლიძე ანა (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • თურაზაშვილი ქეთევან (პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“)
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი