სამხედრო მზადყოფნა ბელორუსში - ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს და საპროტესტო განწყობები არ ქრება

გამოქვეყნდა:

ბელორუსში საპროტესტო განწყობები არ ცხრება, ალექსანდრ ლუკაშენკო კი უკან დახევას მაინც არ აპირებს. დღეს ის ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ გროდნოს ეწვია, სადაც სამხედრო ნაწილი მოინახულა და შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. 

ლუკაშენკომ გროდნოს ოლქის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან ჩათვალა, რომ ის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ სიმპატიით არის განმსჭვალული. მოქმედ პრეზიდენტის  ვლადიმირ კრავცოვის მიმართ ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მან  საპროტესტო აქციების დროს დაკავებული უდანაშაულო ადამიანები გაათავისუფლა, ზოგადად დემონსტრაციებს ლიბერალურად უდგებოდა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სატელევიზიო ეთერი მისცა. 

ამასობაში კი დევნილობაში მყოფი ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მოკავშირეები პროკურატურაში დაიბარეს. საქმე აღძრულია ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის მუხლით. დაკითხვაზე ოპოზიციის გაერთიანებული შტაბის იურისტი მაქსიმ ზნაკიც დაიბარეს, თუმცა რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ ისევ გაანთავისუფლეს. 

ლუკაშენკო კი გროდნოში თავისი მხარდამჭერების წინაშე გამოდის და უმტკიცებს მათ, საპრეზიდენტო სკამს სულაც არ ვებღაუჭები, უბრალოდ, თუ ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვა, ქვეყანა დაიღუპებაო. ბოლოს კი ოპოზიციას და არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხს ემუქრება, შაბათ-კვირასაც გაცდით და მერე არ გეწყინოთო. 

პარალელურად, მინსკიდან 800 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ მოსკოვში, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭო შეკრიბა, რომელზეც დაადგინეს, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია და ყველა პრობლემა მხოლოდ დიალოგით უნდა გადაწყდეს. 

პუტინის ამ სიტყვებს სვეტლანა ტიხანოვსკაია გამოეხმაურა და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დიალოგის დაწყებას ხელი შეუწყონ. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ორშაბათიდან ვნახავთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი