ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების გაფიცვას მხარდაჭერას ვუცხადებთ | "ღირსეული შრომის პლატფორმა"

გამოქვეყნდა:

"ღირსეული შრომის პლატფორმა" ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას ეხმაურება და მათ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს.

"ღირსეული შრომის პლატფორმა" მოუწოდებს:

  • საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს –  ყურადღებით მიადევნოს თვალი მიმდინარე პროცესს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილება ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ლეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
     
  • თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციას –  დაუყოვნებლივ შეასრულოს მშრომელთა ბაზისური მოთხოვნები, გაზარდოს ხელფასი, დაემორჩილოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და სამსახურში აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები.

"გუშინ, ოპერისა და ბალეტის 37 თანამშრომელი 500 ლარიანი  ხელფასის ზრდის მოთხოვნით, საგაფიცვო პროცესში ჩაერთო.  გამაოგნებელია გაფიცული თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათი ხელფასის მიზერული ოდენობის შესახებ, რომელიც მზარდი ფასებისა და ინფლაციის პირობებში, 600 ლარს არ აღემატება, ამასთან, გაფიცულთა განცხადებით, შეუქცევადად იზრდება მათი სამუშაო დატვირთვა.

სამწუხაროა, რომ საგაფიცვო პროცესის წინ, სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიაციო  პროცესი, რომელმაც ვერ უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება. 

მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულებისთანავე, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, ოპერის თეატრის თანამშრომლებმა გამოიყენეს გაფიცვის უფლება, რასაც, "მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის" განცხადებით, გაფიცვის შესახებ შეტყობინებიდან მოკლე დროში, რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა. გაფიცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო, თანამშრომლის გათავისუფლება, კიდევ უფრო ამძიმებს ოპერის თეატრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ნოემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის თქმით, თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა.

მოგვიანებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა განაცხადა, რომ გაფიცულთა მოთხოვნის შესრულება - ხელფასების 100%-ით ზრდა - ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი