48 საათზე ნაკლები რჩება იმ დოკუმენტის გასაჯაროებამდე, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა განსაზღვროს. ევროკომისია საბოლოო დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება, როგორ შესრულდა საქართველოსთვის მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაცია და სწორედ ეს ანგარიში იქნება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოსთვის სახელმძღვანელო სტატუსის მინიჭების დროს.
ფონ დერ ლაიანის უწყების ბოლო ანგარიშიდან რამდენიმე თვეა გასული, თუმცა "ოცნების" ხელისუფლებამ ეს დრო რეფორმების განხორციელების ნაცვლად სტრატეგიულ პარტნიორებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისთვის გამოიყენა.
შესაბამისად, ღიად რჩება საკითხი, რამდენად მისაღები იქნება ევროპული გაერთიანებისთვის ქვეყანაში არსებული ვითარება. ერთადერთი, რაც, შესაძლოა, დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებაა.