
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "უსაფრთხოების სამსახური" სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. КГБ-ის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ უკანონო დაკავების დროს მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
"მათი დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით მესაზღვრისთვის დაჯახება და შემდეგ საქართველოში გადასვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმი ასევე ირწმუნება, რომ მესაზღვრეებმა ჰაერში გაისროლეს, ხოლო "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ, მათი ავტომობილის ბორბლებს ცეცხლი გაუხსნეს".
"შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაშავდა და გადაყვანილი იქნა საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მეორე კი დააკავეს", - წერია განცხადებაში.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.