
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. ის წერს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს რუსების მიერ დაკავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე.
"ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს რუსეთის უკანონო ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში", - წერს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო. ირაკლი ანთაძე ამბობს, საოკუპაციო რეჟიმისგან გატაცებულ დოთიაშვილზე მიიღეს ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.