საქართველოსა და კიდევ 22 ქვეყნაში, მათ შორის უკრაინაში, ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითურ საქმეზე საერთაშორისო სპეცოპერაცია ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებგვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ძირითადად შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის ეროვნულმა პოლიციამაც. მათი ინფორმაციით, თაღლითები დაზარალებულებს ასევე არწმუნებდნენ, დაეყენებინათ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად. ამ გზით, თაღლითებმა მიიღეს დისტანციური წვდომა მათ კომპიუტერებზე და გადაიტანეს დანაზოგები საკუთარ კონტროლირებად ანგარიშებზე. მსხვერპლი ძირითადად შვეიცარიელი და გერმანელი ინვესტორები იყვნენ.