
"მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიენიჭოს", - ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი გამოეხმაურა.
პრეზიდენტი ასევე წერს, რომ რუმინეთი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დაიწყონ მოლაპარაკებები.
"მივესალმები ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლდოვასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე. მათ მიერ რეფორმების ჩატარების ეს აღიარება სრულიად დამსახურებულია. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას.
ამასთან ერთად, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოსაც, იმ გაგებით, რომ გარკვეული ნაბიჯები წინ არის გადადგმული, ასევე მივესალმები ბოსნია ჰერცოგოვინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, მას შემდეგ რაც წევრობისთვის საჭირო გარკვეული კრიტერიუმები შესრულდება,"- წერს რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.