საქართველო ევროპულ ოჯახს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ევროკომისიის რეკომენდაცია მკაფიოა, მიენიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ეს ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილებაა, თუმცა ჯერი ახლა ევროპულ საბჭოზეა და 15 დეკემბრამდე როდესაც საბჭოს სხდომა გაიმართება, მნიშვნელოვანია ყოველი დღე. იმისათვის რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ევროკავშირის წევრი 27-ვე საახელმწიფოს ლიდერი ერთსულოვანი უნდა იყოს, ეს კი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.
"ოცნების" ხელისუფლებამ ევროკომისიისგან რეკომენდაციებისა და დათქმების ახალი ჩამონათვალი მიიღო. სახელისუფლებო გუნდის პროპაგანდის მიუხედავად შესასრულებელია 9 რეკომენდაცია და დამატებით 119 ტექნიკური მოთხოვნა. დღეს უმაღლესი ტრიბუნიდან პირველად გაჟღერდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის დასრულება. ასევე, უნდა გაგრძელდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმები და 2024 წელს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.